მონარქია

მონარქია
• ანუ მეფის მმართველობა ეწოდება მმართველობის ფორმას, როდესც სუვერენს შეუძლია მთელი მმართველობა მოაქციოს ერთი მაგისტრატის ხელში, ვისგანაც მთელი თავისი ძალაუფლება სხვა მაგისტრატებს მიეცემა.
Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
• ბერძნული წარმოშობისაა ("მონოს" - ერთი და "არხეს" - ხელისუფლება) და ნიშნავს ერთხელისუფლებიანობას, ერთი პირის ხელისუფლებას, მაგრამ ცნობილია გამონაკლისებიც, მაგალითად სპარტაში, როგორც ცნობილია, ორი მეფე არსებობდა. მონარქია: მონარქია მმართველობის ისეთი ნაირსახეობაა, როდესაც სახელმწიფოს სათავეში დგას პირი (მონარქი), რომელიც თავის ხელისუფლებას განახორციელებს მემკვიდრეობის საფუძველზე. მონარქის ხელისუფლება უვადო და სამუდამოა, მონარქი განთავისუფლებულია როგორც პოლიტიკური, ისე იურიდიული პასუხისმგებლობისაგან მისი მმართველობის შედეგებისათვის. იგი მიჩნეულია ღმერთის წარგზავნილად და მისგან კურთხეულად (ეს უკანასკნელი ფაქტორი დღევანდელ დღეს არავის აღელვებს და ისეთი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, როგორც ადრეულ პერიოდებში), მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მონარქის უფლებამოსილება ყოველთვის მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით წყდებოდა. ისტორიისათვის ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეს ხდებოდა სხვადასხვა არასამართლებრივი საშუალებებით და მონარქს პასუხს აგებინებდნენ თავისი მოქმედებებისათვის, როგორც წესი რევოლუციების პერიოდში, როდესაც მონარქიულ მმართველობას ცვლიდა რესპუბლიკა. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ინგლისის ისტორიის ერთი ეპიზოდი, როდესაც ოლივერ კრომველმა რევოლუციის დროს გამოაცხადა რესპუბლიკა და მონარქი კარლ I სტიუარდი სიკვდილით იქნა დასჯილი. საგარეო ურთიერთობებში მონარქი სხვა სახელმწიფოებთან წარმოადგენ თავის ქვეყანას. მონარქი იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან ფინანსურ სახსრებს და აქვს უფლება თავისი პიროვნების განსაკუთრებული დაცვისა. სხვადასხვა ქვეყანაში მონარქი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება: შაჰი, ემირი, იმპერატორი, სულთანი, მეფე, ხელმწიფე, ფარაონი და სხვა. მონარქიის სხვადასხვა სახესხვაობები არსებობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ–ეკონომიკურ ფორმაციებში. ამ შემთხვევაში ჩვენ ორიოდე სიტყვით შევეხებით მონარქიის იმ ნაირსახეობებს, რომლებიც არსებობენ დღევანდელ მსოფლიოში. თანამედროვე პერიოდში მონარქია წარმოდგენილია აბსოლუტური, დუალისტური და საპარლამენტო (კონსტიტუციური) მონარქიის სახით. განვიხილოთ თითოეული მათგანი (ზოგიერთი მეცნიერი კონსტიტუციური მონარქიის ცნებაში აერთიანებს დუალისტურ და საპარლამენტო მონარქიებს, ხოლო ზოგიერთი ავტორი კი კონსტიტუციურ მონარქიას მხოლოდ საპარლამენტო მონარქიის სინონიმად მიიჩნევს). აბსოლუტური მონარქია: მონარქიის ეს სახე, ძირითადად, გავრცელებული და დამახასიათებელი იყო გვიანი ფეოდალიზმისათვის. აბსოლუტური მონარქია თანამედროვე მსოფლიოში გვხვდება მეტად იშვიათად, ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებში: საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ომანში, კატარში, კუვეიტში, ბრუნეიში და სხვა. აბსოლუტური მონარქია ნიშნავს აბსოლუტურ ხელისუფლებას. მონარქის ხელშია თავმოყრილი მთელი სისრულე სახელმწიფო ხელისუფლებისა. ასეთ ქვეყნებში არ არსებობს პარლამენტი, მთავრობა ფორმირდება მონარქის მიერ და პასუხისმგებელია მხოლოდ მის წინაშე, რაც შეეხება პრემიერ–მინისტრს, იგი, როგორც წესი, არის მონარქის შვილი, ძმა ან სხვა ნათესავი . მონარქს ნებისმიერ დროს შეუძლია მთავრობის წევრების გადაყენება, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული. როგორც ვთქვით, აბსოლუტური მონარქიის დროს მონარქის ხელისუფლება იურიდიულად შეუზღუდავია, მაგრამ შეზღუდვა შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ, მორალურ–ეთიკურ და რელიგიურ ასპექტში. ზოგიერთ ქვეყანაში აბსოლუტური მონარქი ასევე არის უმაღლესი სასულიერო პირი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს მონარქის ხელისუფლების კიდევ უფრო გაძლიერებას თეოკრატიული შინაარსით. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტური მონარქია აბსოლუტურ–თეოკრატიული ხასიათისაა. აბსოლუტური მონარქიის ქვეყნებისათვის უცხოა კონსტიტუციის არსებობა, მაგრამ თუ არსებობს, იგი ოქტროირებულია და მეტადრე კვაზიკონსტიტუციაა, ვიდრე ქვეყნის უზენაესი კანონი (მაგალითად, საუდის არაბეთი), ხოლო ომანის სასულთანოში კონსტიტუციის მაგივრობას ყურანი ასრულებს. აბსოლუტური მონარქია არსებობს ისეთ ქვეყნებში, სადაც ამგვარი მონარქიული მმართველობა მოსახლეობის მიერ აღქმულია, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, ვინაიდან ისინი იმყოფებიან სოციალურ–ეკონომიკური და რელიგიურ–ფსიქოლოგიური განვითარების ისეთ დონეზე, რომ სხვა მართვის ფორმები მათთვის უცხო და მიუღებელია. დუალისტური მონარქია: მონარქიის ქვემოთ განხილულ ნაირსახეობას ეწოდება დუალისტური («გაორებული») მონარქია. დუალისტური ხასიათი ამ მონარქიისა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ერთდროულად ორი ძლიერი ხელისუფლებაა: ხელისუფლება მემკვიდრეობითი მონარქისა და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. სახელმწიფო ხელისუფლება შეიძლება ითქვას გაყოფილია სანახევროდ და თანაბრად, მონარქსა და პარლამენტს შორის. მონარქი და პარლამენტი აკონტროლებენ ერთმანეთს. სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის მონარქს, მაგრამ იგი შეიძლება მეტ–ნაკლებად დამოუკიდებელიც იყოს. დუალისტური მონარქიის დროს მონარქს აქვს უფლება კანონებზე ხელის მოწერისა, იგი სარგებლობს აბსოლუტური ვეტოს უფლებით (განსხვავებით შეყოვნებითი, ე.წ. სუსპენზიური ვეტოსგან, რომლის დაძლევის სამართლებრივი მექანიზმი პარლამენტის მიერ, გათვალისწინებულია კანონით). მონარქს უფლება აქვს მიიღოს ბრძანების სახის აქტები, ზოგიერთ შემთხვევაში კანონებშიც შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებული ბრძანებებით. მონარქს აგრეთვე უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი, ასე მაგალითად, იორდანიაში, 1974 წელს დათხოვილი იქნა პარლამენტი და შემდგომი საპარლამენტო არჩევნები თხუთმეტი წლის მერე, 1989 წელს ჩატარდა . მონარქი ნიშნავს მინისტრებს, აყალიბებს მთავრობას და ამაში იგი არ უწევს ანგარიშს პარლამენტს, მთავრობა კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მხოლოდ მონარქის წინაშე. ჩვენი აზრით, დუალისტური მონარქია, არის შუალედური ფორმა აბსოლუტურ მონარქიასა და საპარლამენტო მონარქიას შორის. ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა მონარქს ერთპიროვნულად არ შეუძლია მართოს ქვეყანა, ხოლო პარლამენტს კი არ შეუძლია მონარქი ჩამოაშოროს ხელისუფლებას გარკვეულ მიზეზთა გამო. დუალისტური მონარქია არამდგრადი ფორმაა მონარქიული მმართველობისა, რადგან მონარქიც და პარლამენტიც ყოველთვის ცდილობენ უფრო მეტი ხელისუფლება მოიპოვონ, მონარქს სურს თავისი ხელისუფლება აბსოლუტური გახადოს, ხოლო პარლამენტს კი - კიდევ უფრო შეზღუდოს მონარქის ხელისუფლება და მონარქია საპარლამენტო ფორმაში გადაიყვანოს, ამიტომაცაა, რომ დუალისტური მონარქიის ჩვენება კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე არც თუ ისე იოლია, ვინაიდან იგი იხრება ხან ერთი (აბსოლუტური მონარქიის), ხან მეორე (საპარლამენტო მონარქიის) მონარქიული მმართველობის მხარეს მონარქისა და პარლამენტის დაპირისპირების დინამიკის კვალობაზე, მაგრამ იურიდიულ ლიტერატურაში დუალისტურ მონარქიებად მიიჩნევენ მაროკოს, ნეპალის სამეფოსა და იორდანიას (დუალისტური იყო ადრე პრუსია, ავსტრია, იტალია და რუმინეთი). საპარლამენტო (კონსტიტუციური) მონარქია: საპარლამენტო მონარქიებში მოქმედებს დემოკრატიული წესით მიღებული კონსტიტუცია. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს (ორპალატიანი პარლამენტის დროს ირჩევა, როგორც წესი, ქვედა პალატა) და უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე გავრცელებული სახეა მონარქიისა თანამედროვე მსოფლიოში, აბსოლუტურ და დუალისტურ მონარქიებთან შედარებით. კონსტიტუციური მონარქია არის ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, დანია. განვითარებადი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ტაილანდი, მალაიზია. მონარქი იურიდიულად ითვლება სახელმწიფოს მეთაურად, მაგრამ რეალურად იგი სახელმწიფოს მმართველობაში მონაწილეობას არ იღებს და იქმნება მდგომარეობა, როცა მონარქი «მეფობს, მაგრამ არ მართავს». მთავრობა ყალიბდება იმ პარტიისაგან, რომელმაც უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში (მის ქვედა პალატაში, თუ პარლამენტი ბიკამერულია), ხოლო პრემიერ–მინისტრი ამ პარტიის ხელმძღვანელია (ამასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მონარქიებში მონარქს რეალური ხელისუფლება არ გააჩნია, გამონაკლისებიც არსებობს, აქ მხედველობაში გვაქვს დიდი ბრიტანეთი. თუ პარლამენტის ქვედა პალატაში მანდატთა რაოდენობა თანაბრად განაწილდა პარტიებს შორის, ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაურის, პრემიერ–მინისტრის დანიშვნის უფლება აქვს მონარქს. ამ უფლებამოსილებას შეიძლება «მძინარე უფლებამოსილებაც» ეწოდოს, რადგან მონარქი ამ უფლებას იშვიათად იყენებს, ვინაიდან იშვიათია თვით ამ უფლებამოსილების გამოყენების საფუძველიც, როცა თანაბრად იყოფა ქვედა პალატაში მანდატთა რაოდენობა. ასე მაგალითად, ეს უფლებამოსილება გამოყენებული იქნა ელისაბედ II–ის მიერ, როცა პრემიერ–მინისტრი გახდა ჰაროლდ მაკმილანი). ძირითადი მახასიათებელი საპარლამენტო მონარქიისა არის ის, რომ მთავრობის ფორმირება ხდება პარლამენტის მიერ და მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, ე.ი. პარლამენტს შეუძლია მთავრობის გადაყენება მისთვის უნდობლობის გამოცხადებით. რაც შეეხება ვეტოს უფლებას, ზოგიერთ მონარქს კონსტიტუციურ მონარქიაში (მაგ., იაპონიაში) ამის უფლება საერთოდ არ აქვს, ან აქვს, მაგრამ არ იყენებს (მაგ., დიდ ბრიტანეთში მონარქს ვეტოს უფლება დაახლოებით სამასი წელია არ გამოუყენებია). კონსტიტუციური მონარქია ითვალისწინებს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად, პრემიერ–მინისტრი იღებს, მაგრამ აფორმებს თავისი აქტით მონარქი. კონსტიტუციურ მონარქიაზე არ იქნება სრულყოფილი საუბარი, თუ არ შევეხებით მის ერთ–ერთ დამახასიათებელ ინსტიტუტს – კონტრასიგნაციას, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონარქის მიერ გამოცემული აქტები იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ პრემიერ–მინისტრის ან შესაბამისი მინისტრის ხელმოწერის შემდეგ (როცა მონარქის ხელმოწერის გვერდზე პრემიერ–მინისტრის ან მინისტრის ხელმოწერა დაისმება). კონტრასიგნაციის პროცედურის წარმოშობის ისტორია მეტად საინტერესოა, ვინაიდან შუა საუკუნეებში მისი მიზანი იყო ის, რომ მონარქს პასუხი არ ეგო ამა თუ იმ კანონის მოქმედების შედეგებზე და მთავრობის წევრი აქ, გარკვეულწილად, «განტევების ვაცის» როლს ასრულებდა. დღეს კი მას სულ სხვა შინაარსი აქვს და ეს ცვალებადობა, რომელიც კონტრასიგნაციის ინსტიტუტის შინაარსისა, კიდევ ერთხელ მიუთითებს კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში მონარქის ხელისუფლების სისუსტეზე. შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუციურ მონარქიაში, მონარქიის სხვა, ზემოთ განხილული ფორმებისაგან განსხვავებით, თანმიმდევრულად არის გატარებული ხელისუფლების ორგანიზაციის, ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიული პრინციპი და, საერთოდ, კონსტიტუციური მონარქია, დემოკრატიული მონარქიაა, რისი თქმაც სხვა თანამედროვე მონარქიულ მმართველობებზე არ შეგვიძლია. აგრეთვე, კონსტიტუციური მონარქია გამოირჩევა სახალხოხელისუფლებიანობისა და პარლამენტარიზმის რეალური არსებობით. განსაკუთრებული ხასიათი აქვს კონსტიტუციურ მონარქიას იმ ქვეყნებში, რომლებიც ბრიტანული თანამეგობრობის წევრები არიან, ესენია: ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა. ითვლება, რომ სახელმწიფოს მეთაური არის ბრიტანეთის მონარქი, რომელიც ამ ქვეყნებში წარმოდგენილია მის მიერ დანიშნული გენერალ–გუბერნატორების სახით, ხოლო გენერალ–გუბერნატორთა კანდიდატურების წარდგენას ამ ქვეყნების მთავრობები ან პარლამენტები ახდენენ. იმ ქვეყნებში, რომლებიც შედიან ბრიტანეთის თანამეგობრობაში და მმართველობის ფორმით წარმოადგენენ რესპუბლიკებს, მათ ყავთ არჩეული სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტის სახით, ასეთია პაკისტანი და ინდოეთი. რაც შეეხება მონარქის სხვა უფლებამოსილებებს კონსტიტუციურ მონარქიებში, ესენი შემდეგია: მონარქი იღებს რწმუნებათა და გაწვევის სიგელებს უცხო ქვეყნების ელჩებისაგან, აჯილდოებს მოქალაქეებს ორდენებითა და მედლებით, ანიჭებს ტიტულებსა და ჩინებს. მონარქი ასახიერებს და წარმოადგენს ქვეყანას ოფიციალური ვიზიტების დროს სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია რეალური ხელისუფლება, იგი მაინც რჩება ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ.
Source: არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.

Georgian encyclopedia. 2013.

Поможем написать курсовую

Полезное


Смотреть что такое "მონარქია" в других словарях:

  • რესპუბლიკა — • როგორც მმართველობის ფორმა, საზოგადოების ისეთი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახალხო ხელისუფლებიანობის პრინციპი. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ფორმირების წესი… …   Georgian encyclopedia

  • დემოკრატიული მმართველობა — (დემოს ხალხი, კრატია ძალაუფლება). მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობა, ამ ნების პოლიტიკურ სუვერენად გამოცხადებაა. „დემოკრატიის დროს ხალხი ერთის მხრივ მონარქია, მეორეს მხრივ კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია იმდენად,… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • ჰოპე ჰანს ჰერმან (1949) — დაიბადა დასავლეთ გერმანიის ქალაქ პიენში. მან სოციოლოგია, ისტორია, ეკონომიკა და ფილოსოფია საარლანდის, საარბრიუკენის, გოეთეს, მაინის ფრანფურტისა და მიჩიგანის უნივერსიტეტებში შეისწავლა. მან ჯერ, 1974 წელს, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში… …   Georgian encyclopedia

  • კამპანელა თომაზო (1568-1639) — დომინიკელი ბერი იყო და პაპის ძალაუფლების აბსოლუტიზაციაზე ოცნებობდა. ციხეში 27 წელი მან პოლიტიკური მოღვაწეობისათვის გაატარა. მართალია, გალილეის იცავდა, მაგრამ ასტროლოგობაზეც დებდა თავს. მის ნატურფილოსოფიაში დიდი ადგილი უკავია მისტიკასა და მაგიას.… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა საფრანგეთის დეკლარაცია — 1789 წ. ფრანგებმა დაამხეს მონარქია და დაამყარეს პირველი ფრანგული რესპუბლიკა. რევოლუციის შედეგად შეიქმნა დეკლარაცია, რომელიც დაიწერა სასულიერო პირების, არისტოკრატიის და უბრალო მოქალაქეების წარმომადგენლების მიერ, ამგვარად ისინი ახდენდნენ ცნობილ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»